Imposter Syndrome - ანუ რატომ გვგონია თავი თვითმარქვიები

Tornike Gomareli
4 min readAug 12, 2020

Imposter Syndrome ი, რომ დავგუგლოთ მივიღებთ ესეთ განმარტებას:

Imposter syndrome can be defined as a collection of feelings of inadequacy that persist despite evident success. ‘Imposters’ suffer from chronic self-doubt and a sense of intellectual fraudulence that override any feelings of success or external proof of their competence.

სიტყვა-სიტყვით თარგმნა, რომ არ დავიწყო ავღწერ თუ როგორ მესმის მე ეს სინდრომი.

ჩემი აზრით თვითმარქვიობის სინდრომს შეუძლია გამოიმუშაოს ისეთი შეგრძნებები, რომელიც ეჭვს შეგვატანინებენ ჩვენს წარმატებაში. იმპოსტერებს, ხშირად ცხოვრების მანძილზე გვტანჯავს აკვიატებული, მძაფრი შეგრძნებები, რომ არ ვართ საკმარისად კარგები, სათანადოდ კომპეტენტურები და შესაფერისად განათლებულები. იმპოსტერებს არ გვაქვს ხშირად სრულფასოვნების შეგრძნება და ვფიქრობთ, რომ წარმატებებს კონკრეტულ სფეროში სრულიად შემთხვევით მივაღწიეთ.

ალბათ ეს პრობლემა სხვა პროფესიის ადამიანებსაც აწუხებთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მე ვერ ვისაუბრებ სხვა პროფესიის შეხედულებებიდან, დღეს ამ სინდრომს დავაკავშირებ Software development ს და ვისაუბრებ ჩემი გამოცდილებიდან და შეხედულებებიდან.

მე, როგორც ჩვეულებრივ რიგით დეველოპერს, ყოველთვის მაწუხებს ეს ყველაფერი და როგორც კი რაიმეს ახალს წამოვიწყებ, მაშინვე

მიძლიერდება შიში, რომ გარშემო მყოფები მამხელენ და ჩემს სისუსტეს გამოამჟღავნებენ.

ვფიქრობ, რომ აქ არ უნდა ვიყო, რაღაც მოვიტყუე და მთელი ჩემი წარმატებების ისტორია დიდი შეცდომა ან გამართლების ბრალია. ამიტომ, ყოველთვის, როცა რაიმეზე ვლაპარაკობ, ვცდილობ დავამტკიცო, რომ საკმარისად ჭკვიანი ვარ.

რატომ გვემართება ეს და რისი ბრალია ეს ყველაფერი ?

პერფექციონიზმი
პერფექციონიზმი

თუ ადამიანი შინაგანად პერფექციონისტია, ის არასდროს არის საკუთარი თავის მადლიერი, არასდროს არ მოსწონს საკუთარი შესრულებული დავალება, გამუდმებით ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის უკეთესად შესრულება შეიძლებოდა.

არასრულფასოვნების კომპლექსი

ჩვენ დეველოპერებს მუდამ თვალწინ გვიდგას ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან .NET ის სამყაროში Jon Skeet-ი, Android ის სამყაროში Jake Wharton-ი, iOS ის სამყაროში Chris Eidhof-ი, React ის სამყაროში Dan Abramov ი,Vue ს სამყაროში Evan you და უამრავი “Rock-star” დეველოპერი, რომელსაც ხშირად გვინდა, რომ თავი შევადაროთ. ხოლო როდესაც, რეალურად ჩვენ სქილებს ვუბრუნდებით, არასდროს არ ვართ კმაყოფილები და ყოველთვის საკუთარი თავი არაპროფესიონალი გვგონია.

წარუმატებლობის შიში

ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ სისუსტეები სამარცხვინოა. ხშირად, როდესაც ეს შიში გვაწუხებს ჩვენი მამოძრავებელი ძალა არა წარმატების სურვილია, არამედ დაცემის შიში. ჩვენთვის თავზარდამცემია რეალობა, სადაც რაიმის ასათვისებლად თუნდაც სულ ცოტა მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე სხვებს.

ჩვენს კარიერაში ეს პრობლემები უფრო ხშირია, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ პროგრამისტები ვართ და ჩვენს სფეროში ყოველდღე რაღაც ახალი ხდება, ყოველ-დღიურად ახალი ტექნოლოგია გამოდის და ხშირად ჩვენი ცოდნა არსებული საკითხის მიმართ obsolete ხდება, რის გამოც გვიჩნდება განცდა, რომ არასდროს არ ვართ სრულყოფილი პროფესიონალები.

საბოლოო ჯამში ეს პრობლემები აისახება ჩვენს პროდუქტიულობაზე. უფრო მეტ დროს ვხარჯავთ იმის დასამტკიცებლად, რომ ღირსეული დეველოპერები ვართ, ვიდრე რეალურად იმისთვის, რომ მართლაც უკეთესები გავხდეთ.

მემგონი საკმაოდ ბევრი ვისაუბრე მიზეზებზე, ეხლა მინდა გამოსავალი მოვუძებნო ამ ყველაფერს და იმ შესაძლო გასაღებებზე ვისაუბრო, რითიც შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

  1. გავითავისოთ ის რეალობა სადაც ვარსებობთ, ერთხელ და სამუდამოდ გავაცნობიეროთ, რომ Development ი არის ის სფერო, რომელსაც მუდამ სწავლა და განვითარება სჭირდება და შეუძლებელია ვიცოდეთ ყველა ტექნოლოგია, ენა და ბიბლიოთეკა. მივეჩვიოთ იმას, რომ ყოველთვის იქნება საკითხი, რომელიც არ გვეცოდინება და ამან არ უნდა გამოიწვიოს ჩვენში დისკომფორტი.
  2. როდესაც ვიგრძნობთ, რომ Imposter ის როლში ვართ და რაღაც არ ვიცით, არ შეგვეშინდეს და პირიქით გამოვიყენოთ და ვაქციოთ ეს ყველაფერი შესაძლებლობად. ასეთ დროს ვიფიქროთ, რომ გვაქვს შანსი რაღაც ახლის სწავლის. გვახსოვდეს, რომ კარგი დეველოპერი არ არის ის, ვინც ყველაფერი იცის, არამედ ის ვინც მზადაა შესაბამის დროს ახალი ტექნოლოგია ისწავლოს და გამოვიდეს საკუთარი კომფორტის ზონიდან.
  3. დავუშვათ ის ფაქტი, რომ ყველაფერს კარგად ვერ შევასრულებთ და უბრალოდ ვეცადოთ, რომ ყოველი ახალი დავალება ძველზე უკეთ გავაკეთოთ და საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ. თუ ჩვენივე შესრულებული საქმე არ მოგვეწონება, არ დავხარჯოთ დრო ამაზე ნერვიულობით, პირიქით გავაანალიზოთ შეცდომები და ეს ყველაფერი უპირატესობად ვაქციოთ შემდეგი საქმისთვის, სადაც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.
  4. ნუ შევადარებთ საკუთარ თავს, სხვა “Rockstar” დეველოპერებს, ვისწავლოთ მათგან და საკუთარი თავი შევადაროთ მხოლოდ გუშინდელ მეს, შევეჯიბროთ ჩვენ თავებს, რომ ვიყოთ ხვალ იმაზე უკეთესები ვიდრე ვართ. არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა წარმატებული დეველოპერის უკან იმალება უამრავი მარცხი, თავდაუზოგავი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა. გავითავისოთ ის ფაქტი, რომ შეიძლება ცხოვრებაში ვერ შევქმნათ სამყაროსთვის ისეთივე ღირებული პროდუქტი, როგორიც შექმნა Linus torvalds მა, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ ჩვენი კომპანიისთვის ან ჩვენი პროექტისთვის ღირებული დეველოპერები, რომლებიც ქმნიან, ეხმარებიან და აძლიერებენ გუნდს.
  5. მეტი დროის ინვესტიცია მოვახდინოთ დამწყებ დეველოპერებში, ჩვენი სამუშაო ტექნოლოგიის Community ში, ეს მოგვცემს შესაძლებლობას გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება მათ და როდესაც მათი წარმატების შესახებ შევიტყობთ, გვექნება შეგრძნება, რომ რაღაც წვრილი ჩვენც მიგვიძღვის ამაში და მივხვდებით, რომ ჩვენც ღირებულ საქმეს ვაკეთებთ, ისევე, როგორც სხვები.

ალბათ, ჩემი აზრით, ბოლომდე ვერასდროს დავამარცხებთ ამ სინდრომს, მაგრამ რაც უფრო მალე გავითავისებთ, რომ ეს ჩვენი ყოველდღიურობაა, უფრო მალე ვიგრძნობთ შვებას. უფრო მალე მივხვდებით, რომ არაფერია ჩვეულებრივობაში სანერვიულო, ხანდახან შეიძლება პროდუქტიულები ვიყოთ და ხანდახან უბრალოდ არ ვიყოთ ისეთი კარგები, როგორც ყოველთვის.

გავითავისოთ, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არ ვართ ვინმეზე მაღლა ან დაბლა და ყოველთვის იქნებიან ჩვენზე უკეთესები, რომლებისგანაც შეგვიძლია ვისწავლოთ და ამით გავიზარდოთ.

გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ სფეროში, რომელიც არის დღეს-დღეისობით ყველაზე მზარდი და შევეგუოთ იმ აზრს, რომ არასდროს იქნება წამი, როდესაც ყველაფერი გვეცოდინება, ვისწავლოთ თუ როგორ მივყვეთ დინებას წყნარად და აუღელვებლად.

რაც უფრო მალე გავითავისებთ იმ აზრს, რომ ჩვენი ყოველდღიურობა კომფორტის ზონა არაა, მით უფრო მალე ვიგრძნობთ ამ ყველაფრისგან კომფორტს და უკეთესი დეველოპერები ვიქნებით.

წოტა ფსიქოლოგიური და აბსტრაქტული გამომივიდა ეს სტატია და ალბათ მეც შინაგანად ამ სტატიის დაწერით, ამავე სინდრომს ვებრძვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს და ხვალ ამაზე უფრო ღიად და საჯაროდ ისაუბრებს.

--

--

Tornike Gomareli

Specialising in iOS and System Programming. Always trying to learn how to think better. twitter / @tornikegomareli